"ჯორჯიან ეარვეისი" პრეზიდენტს პასუხობს და მას პერსონა ნონ გრატად აცხადებს

„ჯორჯიან ეარვეისის" დირექტორი, თამაზ გაიაშვილი მისი კომპანიის მიმართ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბოიკოტს პასუხობს და აცხადებს, რომ მას პერსონა ნონ გრატად აცხადებს. გაიაშვილის თქმით, ვიდრე პრეზიდენტი „ქართველი ხალხის წინაშე" ბოდიშს არ მოიხდის, ბორტზე არ დაუშვებენ.

თამაზ გაიაშვილის საპასუხო წერილს „იმედი“ ავრცელებს.

"იმ დროს, როდესაც ქალბატონი სალომე პარიზის ქუჩებში დასეირნობდა, ქართველი მფრინავები ხანძარმოდებულ აფხაზეთში დაფრინავდნენ და სამშობლოს ერთიანობის იდეას ეწირებოდნენ. იმ დროს კი, როდესაც 2008 წლის ტრაგედიის შემდეგ მსოფლიოს ყველა ავიაკომპანიამ უარი თქვა ორად გახლეჩილ საქართველოში ფრენების განხორციელებაზე, ქართველი ავიატორები, მიუხედავად სალიზინგო და სადაზღვევო კომპანიების კატეგორიული წინააღმდეგობისა, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დაფრინავდნენ და პოლიტიკოსები, დიპლომატები და ჟურნალისტები ჩამოჰყავდათ, რამაც ჩვენი ქვეყანა პრაქტიკულად იხსნა იზოლაციისგან.

ამდენ უბედურებას სასწაულებრივად გადარჩენილი ავიაკომპანიის წინააღმდეგ განხორციელებული ეს შტურმი უსინდისობაა და სხვა არაფერი, მითუმეტეს, იმ პრეზიდენტისგან, რომელსაც ერთპროცენტიანი რეიტინგიც კი არ გააჩნია", - წერს თამაზ გაიაშვილი.

მან, ასევე უპასუხა პრეზიდენტის კომენტარს იმაზე, რომ "ჯორჯიან ეარვეისი" არის "კომპანია, რომელიც სულ სარგებლობს სახელმწიფოთი, რომ გამდიდრდეს". გაიაშვილის მტკიცებით, მისი კომპანია პანდემიის დროს გაკოტრების პირას მივიდა და არაფერი მიუღია სახელმწიფოსგან.

„გასაკვირია, თუ რატომ იხარჯება მილიონები საქართველოს ბიუჯეტიდან იმ ქალბატონის ყოვლად უმიზნო ვოიაჟებისთვის საზღვარგარეთის ქვეყნებში, ვისაც ცხოვრების არცერთ მონაკვეთში საქართველოსთვის სასიკეთო არაფერი გაუკეთებია. იგი დღესაც ავადსახსენებელ გახარიას სიტყვებს იმეორებს, რომ ავიაკომპანია პანდემიის დროს ვითომ მდიდრდებოდა. საქართველოს პრეზიდენტმა ისიც კი არ იცის, რომ პანდემიის დროს კომპანია გაჩერებული იყო და გაკოტრების რეჟიმში იმყოფებოდა, დღეს კი რეაბილიტაციის რეჟიმშია. ეს იმ დროს, როდესაც სახელმწიფოთა პრეზიდენტებმა უზარმაზარი თანხები ჩაასხეს ეროვნული ავიაკომპანიების გადარჩენის საქმეში", - ამბობს გაიაშვილი.


20 მაისს გამართულ ბრიფინგზე, რუსეთთან ფრენების აღდგენის გამო, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისს" ბოიკოტს უცხადებს. მან მოქალაქეებს მოუწოდა, მისი ბოიკოტი მათაც გაიზიარონ.